logo
ENG



"მესამე მხარედ ჩართვა" - საგარეო განმარტავს, რატომ არ შეუერთდა უკრაინის სარჩელის მხარდაჭერას

14 ივლ 202216:54
3 წუთის საკითხავი
 
"მესამე მხარედ ჩართვა" - საგარეო განმარტავს, რატომ არ შეუერთდა უკრაინის სარჩელის მხარდაჭერას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არ შეუერთდა 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ისინი მხარს უჭერდნენ უკრაინის სარჩელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას წარმოადგენს.

"ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას ("აღნიშნული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში").

გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით.

40-ზე მეტმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და მხარდაჭერა გამოუცხადა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ. განცხადების ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის არაა საქართველო.


close დახურვა